ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:31 AM
მოგესალმები Guest | RSS


შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ზოორუბრიკა [3]
ზოგადად ცხოველთა სამყარო
ალკოჰოლიზმი [1]
აჰკოჰოლიკები
მედიცინა & ჯანმრთელობა [1]
მედიცინა და ჯანმრთელობაში გაეცნობით სხვადასხვა დაავადებების მიმოხილვას, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებას, სასარგებლო რჩევებს და აგრეთვე პროფილაქტიკას.
ძებნა


საერთაშორისო გვერდები















ჩვენი გამოკითხვა
ვის უფრო მეტ ნდობას უცხადებთ?
სულ პასუხი: 43

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » ალკოჰოლიზმი

ა ლ კ ო ჰ ო ლ ი ზ მ ი
რუბრიკის ავტორი ექიმი ფიტოთერაპევტი ნინო მოდებაძე               
                 ა ლ კ ო ჰ ო ლ ი ზ მ ი                                             
                                    "მემთვრალე, ჯოჯოხეთის გარდა,
                                         არაფრისთვის გამოდგება.”
                                            წმ. ბასილი დიდი
          როგორი დაავადებაა ალკოჰილიზმი და ვინ გამოიყენა ეს ტერმინი პირველად?
            ალკოჰოლიზმი -- ქრონიკულად მიმდინარე პროგრედიენტული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან მათი სუროგატების ჭარბი და სისტემატიური მიღებით. ტერმინი "ალკოჰოლიზმი” პირველად გამოიყენა შვედმა მეცნიერმა მ. ჰუნემ 1849 წელს, სპირტიანი სასმელების ზემოქმედების შედეგად ორგანიზმში მიმდინარე ავადმყოფური ცვლილებების აღსანიშნავად.
         როგორი სასმელია ალკოჰოლი და როგორია მისი გავლენა ორგანიზმზე?
            ალკოჰოლი ანუ ეთილის სპირიტი (ეთანოლი) სხვადასხვა კონცენტრაციით შედის ნაირგვარი ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში, როგორიცაა არაყი, ჭაჭა, ვისკი, კონიაკი, პორტვეინი, ღვინო, ლუდი და მრავალი სხვა. ეთილის სპირტი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება და დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე, იწვევს ინტოქსიკაციას (მოწამვლას-თრობას) და შინაგანი ორგანოების დისფუნქციას.
            ცნობილია, რომ ალკოჰოლი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ალკოჰოლი და მისი დაშლის პროდუქტები ორი კვირის განმავლობაში რჩება ორგანიზმში.
            სამედიცინო სტატისტიკა მოწმობს, რომ ადამიანთა დაახლოებით 83% რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალკოჰოლს, აღენიშნებათ გულის დაავადებები, 20% გასტრიტის და კუჭის წყლული, ხოლო 15% კი ტუბერკულიოზი.
            სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება ამცირებს სიცოცხ
        ლის ხანგრძლივობას საშუალოდ 15-20 წლით. ალკოჰოლიკის შვილებს, როგორც წესი სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და აღენიშნებათ მიდრეკილება მძიმე ნერვიული დაავადებებისაD(ეპილეფსია, იდიოტიზმი) და გონებრივი ჩამორჩენილობისაკენ.
          როგორ და სად ხდება ალკოჰოლის შეწოვა ორგანიზმში?
            სპირტის მოლეკულა არის ძალიან მცირე და ადვილად შეიწოვება სისხლში ყოველგვარი გარდაქმნის (გადამუშავების) გარეშე. შეწოვა ხორციელდება სწრაფად და იწყება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. დიდი რაოდენობით, დაახლოებით 20% შეიწოვება კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ; ძირითადი ნაწილი დაახლოებით 80% შეიწოვება წვრილი ნაწლავების მიერ. მიღება ალკოჰოლისა მაშინ, როცა ადამიანი ნაჭამია ანუ როცა კუჭში არის საკვების გარკვეული რაოდებობა ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ ალკოჰილის შეწოვის შესაძლებლობას, ხოლო როცა კუჭი "ცარიელია”  ანუ როცა ადამიანი მშიერია ამ შემთხვევაში ალკოჰოლის შეწოვა კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ ხდება გაცილებით სწრაფად და დიდი რაოდენობით, ანუ რაც უფრო განზავებულია ალკოჰოლი მით ნელა და მცირე რაოდენობით შეიწოვება ორგანიზმში ალკოჰოლი კუჭის ლორწოვანი გარსის მიერ და მით ნაკლებია ალკოჰოლური ინტოქსიკაცია (თრობა). გაზირებული (ნახშირორჟანგის შემცველი) სასმელების მიღების თანხლებისას  დაჩქარებულია ალკოჰოლის შეწოვის პროცესი ორგანიზმის მიერ. სწორედ ამიტომაა, რომ ალკოჰოლი შამპანური ღვინის მიღების დროს უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე იგივე ღვინის მიერ ნახშირორჟანგის გარეშე.
          გააჩნიათ თუ არა კვებითი ღირებულება სპირტიან სასმელებს და  როგორია მათი კალორიულობა?
            უმეტესობას სპირტიანი სასმელებისას ძალიან მცირე კვებითი ღირებულაბა გააჩნიათ, მიუხედავად ამისა ისინი შეიცავენ გარკვეულ კალორიებს.         
          კალორიების შემცველობა ზოგიერთ სპირტიან სასმელში              
სასმელი                          რაოდენობა        კალორიულობა
ლუდი                             ერთი ბანკა             150
თეთრი ღვინო                     ერთი ბანკა              70-134
სუფრის ღვინო                    120 მლ                  100
მაგარი ღვინო                     75 მლ                   100
80-გრადუსიანი სასმელი            40 მლ                   88
100 გრადუსიანი სასმელი          40 მლ                   100
 

              მათში მცირე რაოდენობითაა ან საერთოდ არ არის ცილები, ვიტამინები ან მინერალური ნივთიერებები. ალკოჰოლური სასმელების კალორიები – ეს "ცარიელი კალორიებია". ბევრი ალკოჰოლის ბოროტად მომხმარებელი იღებს დიდ ნაწილს თავისი კალორიებისას ალკოჰოლიდან, უარს ამბობს ნორმალურ, სრულფასოვან კვებაზე, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი უჭმელობისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევისა.
           რა  სუბიექტური და ობიექტური სიმპტომები ახასიათებს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას?
          ამ საკითხებს გაზეთის შემდგომ ნომრებში შევეხებით, ამჯერად ვიტყვი მოკლედ, რომ ალკოჰოლს ახასიათებს ეიფორიის, რელაქსაციის და ამავე დროს ხალისის, ფიზიკური ტონუსის მომგვრელი  ეფექტი, შფოთვის დონის დამაქვეითებელი (ანქსიოლიტიკური) და ანტიდეპრესიული მოქმედება. ამ თვისებების გამო ალკოჰოლური სასმელები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ადამიანის მიერ როგორც სოციალური ყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ატრიბუტი.
            რისი საშუალებით ხდება ორგანიზმში ალკოჰოლის დაშლა?   
          ალკოჰოლი ორგანიზმში იშლება განსაკუთრებული ფერმენტის-ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მეშვეობით წყლისა და ნახშირორჟანგის წარმოქმნამდე. ამ ფერმენტის შემცველობა  განსხვავებულია სხვადასხვა ხალხში და დამოკიდებულია გენეტიკურ მემკვიდრეობაზე. მისი შემცველობის დაბალი დონის შემთხვევაში (მაგ. რუსებსა და  იაპონელებში) მიღებული ალკოჰოლი არ იშლება ბოლომდე და ამ დროს წარმოიქმნება მავნე ნაერთი აცეტალდეჰიდი, რომელიც ხდება ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვიული და რეპროდუქციული სისტემის მრავალი დაავადების მიზეზი. Gგარდა ამისა, აცეტალდეჰიდი უერთდება სისხლის ცილებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნარკოტიკი, რომელიც ზრდის ლტოლვას ალკოჰოლისადმი, სწორედ ამიტომ არის ძნელად დასაძლევი დალევის სურვილი.
           ალკოჰოლის გადამუშავება და მისი  დაშლის პროდუქტების გამოძევება ორგანიზმიდან.
            ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა (უმეტესად მამაკაცის ორგანიზმში ვიდრე ქალის)  იშლება ფერმენტების საშუალებით კუჭში და საერთოდ არ შეიწოვება სისხლში. მცირე ნაწილი შეწოვილი ალკოჰოლისა (არა უმეტეს 5%) გამოდის ორგანიზმიდან ოფლთან, შარდთან ერთად და სასუნთქი გზების საშუალებით. დარჩენილი რაოდენობა ალკოჰოლისა გადამუშავდება ორგანიზმის ქსოვილებში.  ალკოჰოლის გადამუშავების პირველ ეტაპზე ღვიძლის ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას საშუალებით  მიიღება აცეტალდეჰიდი, შემდეგი საფეხური არის ძმრის მჟავას წარმოქმნა, ხოლო საბოლოო ეტაპი ესაა წყლისა და ნახშირორჟანგის სინთეზი, ანუ ეს შეიძლება გამოვსახოთ ასეთი სახით:
          ალკოჰოლი (სპირტი) > აცეტალდეჰიდი > ძმრის მჟავა > წყალი+ნახშირორჟანგი.
          სიჩქარე ქიმიური რეაქციისა რომლის საშუალებითაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება გამოფხიზლდეს ადამიანი განისაზღვრება ღვიძლის მიერ ფერმენტის გამომუშავების სიჩქარეზე. იმ ადამიანის ღვიძლი, რომელიც ჭარბი რაოდენობით მოიხმარს ალცოჰოლს  მუშაობს სწრაფად და დიდი დატვირთვით, ვიდრე იმ ადამიანის ღვიძლი ვინც იშვიათად ან მცირე რაოდენობით მოიხმარს ალკოჰოლს. ადრე თუ გვიან ღვიძლი ზიანდება და გამოდის წყობიდან, შესაბამისად მცირდება მისი შრომისუნარიანობა  Hდა ფერხდება  გამოფხიზლების პროცესი.
          გაზეთის შემდეგ ნომრებში ვისაუბრებთ ალკოჰოლის მიერ გამოწვეულ სხვადასხვა დაავადებებზე, "პახმელიის” ანუ აბსტინენციის სინდრომზე  და ა. შ.
       LKO
               თქვენს ხელში
 შეაფასეთ თქვენი დამოკიდებულება ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით. გაეცით უბრალო პასუხი "დიახ” ან "არა” თითოეულ მოცემულ კითხვაზე.
1) სვავთ ზოგჯერ იმისთვის რომ თავი დააღწიოთ გულგატეხილობას, დეპრესიას, გაღიზიანებას, მოწყენილობას, მარტოობის გრძნობას?
2) სვავთ ზოგჯერ სიმხნევისთვის თუკი მიდიხართ რაიმე საღამოზე, ფართიზე, სერიოზულ შეხვედრაზე?
3) ირჩევთ მეგობრებს პრინციპით-სვავს თუ არა ის?
4) სვავთ თქვენ უფრო მეტს ვიდრე თქვენი მეგობარი?
5) გაღელვებთ როცა ვინმე მიგითითებთ რომ ბევრს სვავთ?
6) Gგაღიზიანებთ ლექცია, დარიგება ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების მავნებლობის შესახებ?
7) ყოფილა შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში როდესაც ვერ გაიხსენეთ რაღაც შემთხვევა საღამოს, შეხვედრის Dდროს, მიუხედავად იმისა რომ თქვენ არ დაგიკარგავთ აზროვნება (გონება) ?
8) რთული არის თქვენთვის შეწყვიტოთ დალევა პირველი ჭიქა სპიტრიანის (ალკოჰოლის) მიღების შემდეგ?
9)  მართავთ ზოგჯერ მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში?
10) გაქვთ ფინანსური სირთულეები დალევის მიდრეკილევბის გამო?
11) გაქვთ პრობლემები ოჯახში, სამსახურში სპირტიანი (ალკოჰოლური)  სასმელებისადმი მიდრეკილების გამო?
12) გქონიათ პრობლემა კანონთან, სამართალდამცავებთან დამოკიდებულებაში სიმთვრალის გამო?
13) გაქვთ მოთხოვნილება დალიოთ დღის ერთსა და იმავე გარკვეულ მონაკვეთში?
14)  სვავთ თქვენ ზოგჯერ ფარულად, იმ იმედით რომ ვერავინ შეგამჩნევთ?
15) გაწუხებთ ზოგჯერ დანაშაულის გრძნობა ან გაქვთ წუხილი იმის გამო , რომ სვავთ ძალიან ბევრს?
16) სვავთ ზოგჯერ ერთბაშად, რათა მალე მიაღწიოთ მიზანს_თრობას?
17) განიჭებთ უსიამოვნო გრძნობას ამ კითხვებზე  პასუხის გაცემა?
თუ თქვენ გაეცით თუნდაც 2-ჯერ "დიახ” ნებისმიერ კითხვაზე, უეჭველია , გაქვთ გარკვეული პრობლემები ალკოჰოლის მოხმარების გამო. დაიმახსოვრეთ, რომ საჭიროა  ისწავლოთ დალიოთ უფრო ცოტა-დავალება უნდა გადაჭრათ თქვენ თვითონ , მაგრამ თუკი ძლიერია დალევის სურვილი და არანაირად არ შეგიძლიათ ეს სურვილი დაძლიოთ, მაშინ საჭიროა  დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს რათა დაგეხმაროთ დაგაძლევინოთ დალევის სურვილი სრულიად და თავიდან აიცილოთ ალკოჰოლიზმის უფრო სერიოზული გართულებები.
 ყველაფერი თქვენს ხელშია.

ალკოჰოლიზმის როლი სხვადასხვა დაავადებების განვითარებაში.
       
  წინა თემებში განხილული იყო რა არის ალკოჰოლიზმი, როგორი დაავადებაა, რა ნევროლოგიური და ფსიქიური დარღვევებს აქვს ადგილი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, როგორ უყურებს ეკლესია ალკოჰოლიზმის სენს ანუ მემთვრალეობას.Eეხლა განვიხილოთ ზოგადად ალკოჰოლის როლი  სხვადასხვა დაავადებების ჩამოყალიბებაში.
   ალკოჰოლიზმის ქრონიკული მიღება იწვევს პრობლემებს ორგანიზმის ვიტამინებით მომარაგებაში, რაც თავის მხრივ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ალკოჰოლი ახდენს პირდაპირ და მავნე ზემოქმედებას პანკრეასის ჯირკვლებზე და იწვევს პანკრეატიტს. ქრონიკული პანკრეატიტი დამახასიათებელია ყველა ალკოჰოლიკისათვის, ბევრი ნევროლოგიური პრობლემები გამოწვეულია ასევე ვიტამინების დეფიციტით, რომელსაც ადგილი აქვს ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. ასე მაგალითად: მაგნეზიუმის დაქვეითება იწვევს შიშის სიმპტომებს, კანკალს, უძილობას, აგრესიულობას და ა. შ. (ამ სტატიაში დაწვრილებით ჩამოთვლა თუ რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ალკოჰოლი შეუძლებელია, უფრო დაწვრილებიოთ შეგვიძლია განვიხილოთ შემდგომ, აქ შეიძლება ეს თემა ზოგადად მიმოვიხილოთ.)
    ადამიანის ორგანიზმის არც ერთ ნაწილი, არც ერთი ორგანო არ არის დაცული ალკოჰოლის მავნე, გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან. ალკოჰოლი და მისი დაშლის პროდუქტები ორი კვირის განმავლობაში რჩება ორგანიზმში.
    სამედიცინო სტატისტიკა მოწმობს, რომ იმ ადამიანთა 83%-ს რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალცოჰოლს აღენიშნებათ გულის დაავადებები, 60%-ს პანკრეატიტი, 20%-ს გასტრიტის და კუჭის წყლული, ხოლო 15 %-ს კი ტუბერკულიოზი. სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება ამცირებს სიცოცხლის ხანგძლივობას საშუალოდ 15-20 წლით. ალკოჰოლიკების შვილებს, როგორც წესი სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და აღენიშნებათ მიდრეკილება მძიმე ნერვული დაავადებების (ელილეფსია, იდიოტიზმი) და გონებრივი ჩამორჩენილობისაკენ.

     ალკოჰოლის მავნე გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე

    საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ალკოჰოლი ყველაზე მეტად აზიანეს კუჭის ლორწოვან გარსს, რასაც დიდი წვლილი შეაქვს კუჭის წყლულის ჩამოყალიბებაში. Aმის გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუჭიდან სისხლდენას. სპირტიანი სასმელების ინტენსიური გამოყენება არღვევს აგრეთცე საკვებიდან ვიტამინებისა და მინერა;ლების შეთვისების პროცესს, განსაკუთრებით ეს შეეხება ბ1 ვიტამინს.  B1 ვიტამინის უკმარისობა ჩვეულებრივი მოვლენაა ალკოჰოლიკებს შორის. ალკოჰოლის მოხმარების და კვების არასწორი რეჟიმის შესაბამისად ალკოჰოლიკს შეიძლება განუვითარდეს კუჭის შეკრულობა (ყაბზობა) ან პირიქით კუჭის აშლილობა.


                     ალკოჰოლის მოქმედება ღვიძლზე
     
     ორგანო, რომელსაც ალკოჰოლის ბოროტად და ინტენსიურად მიღება აყენებს ყველაზე დიდ და გამანადგურებელ ზიანს არის ღვიძლი. როგორც ძირითადი "ქიმიური ქარხანა” ორგანიზმისა, ღვიძლი გადაამუშავებს მიღებული ალკოჰოლის 95%-ს. ალკოჰოლი ორგანიზმში იშლება განსაკუთრებული ფერმენტის (ალკოჰოლდეჰიდროგებაზას) მეშვეობით წყლისა და  ნახშირორჟანგის წარმოქმნამდე. დარჩენილი ალკოჰოლის რაოდენობა არ იშლება ბოლომდე და ამ დროს ადგილი აქვს მავნე ნივთიერების აცეტალდეჰიდის წარმოქმნას, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხდება ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და რეპროდუქციული სისტემის მრავალი დაავადების მიზეზი.
    ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს ადგილი აქვს ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას. ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება შეიძლება განიკურნოს თავისთავად თუ ალკოჰოლიკი შეწყვეტს ალკოჰოლის მიღებას, მაგრამ თუ ალკოჰოლიკი გააგრძელებს სპირტიანი სასმელების მიღებას ადსგილი ექნება ისეთი მძიმე დაავადების ჩამოყალიბებას როგორიცაა ალკოჰოლური Hჰეპატიტი და შემდგომ ციროზი
   
                   ღვიძლის ციროზი
  
    ღვიძლის ციროზი მძიმე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის პარენქიმის ღრმა მორფოლოგიური შეუქცევადი ცვლილებები. ღვიძლის ციროზის დროს მასში ჩაიზრდება შემაერთებელი ქსოვილი და ეს ორგანო კარგავს ნორმალური ფუნქციონირების უნარს.
   ღვიძლის ციროზის განვითარების ეტიოლოგიური ფაქტორთაგან დიდი მნიშვნელობა აქვს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სხვადასხვა სახის ალკოჰოლს განსხვავებულად მავნე მოქმედებები ახასიათებს. ცხადია არაყი და კონიაკი გაცილებით საშიშია ქრონიკული ჰეპატიტის და ღვიძლის ციროზის განვითარებისათვის, ვიდრე ღვინო.
   ღვიძლის ციროზის დროს ხდება ღვიძლის პარენქიმის სტრუქტურაში შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლება (ჩალაგება). დასაწყისში ადგილი აქვს შემაერთებელი ქსოვილის ჩალაგებას ღვიძლის წილთაშორის და აღინიშნება ე. წ. ღვიძლის წილაკთშორისი  ციროზი. შემდეგ კი შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება წილაკთა შიგნით და მთლიანად შლის ღვიძლის პარენქიმის სტრუქტურას. ღვიძლის უჯრედები ატროფირდება, ღვიძლი პატარავდება, მისი ზედაპირი  ხორკლიანი ხდება (თუმცა ღვიძლის ხორკლიანობა უფრო დამახასიათებელია ღვიძლის კიბოსათვის).
    ღვიძლის ფუნქციონირების ამგვარი მოშლა შეიძლება საკმარისი იყოს მძიმე დაავადებისათვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. სიკვდილი 
შეიძლება დადგეს აგრეთვე სისხლდენის მიზეზით დაზიანებული ღვიძლიდან. ამას გარდა ღვიძლის ციროზი შეიძლება იყოს ღვიძლის კიბოს განვითარების (30%) მიზეზი..
    ღვიძლის ფუნქციონირების დაკარგვა გამოწვეული ადამიანის მიერ ალკოჰოლის ჭარბად და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში ბოლოსდაბოლოს ყალიბდება მიჩვევა ალკოჰოლზე. ასეთ შემთხვევაში ღვიძლი მნიშვნელოვნად კარგავს უნარს  გადაამუშაოს ქიმიური ნივთიერებები, ალკოჰოლი იშლება განსაკუთრებით ნელა. ადამიანები ამ დროს თვრებიან უფრო მცირე რაოდენობის ალკოჰოლით ვიდრე ადრე და ფხიზლდებიან გაცილებით ნელა და ძნელად.  
 
 
         ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება კუნთებზე და კანზე

    ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარების შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს კუნთების დასუსტებას, გაუწყლოებას და განლევას. ცუდი კვება წარმოადგენს აგრეთვე მიზეზს კუნთების დისტროფიისას ალკოჰოლის მომხმარებელ პირებში. 30-50-% შემთხვევაში ალკოჰოლის მომხმარებლებს შორის ადგილი აქვს დერმატოლოგიური დაზიანებებს. დაზიანება კანისა შეიძლება იყოს გამოწვეული ღარიბი, არასრულფასოვანი კვებით, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებით და ღვიძლის მუშაობის დარღვევით. საკმაოდ ხშირად ქრონიკულ ალკოჰოლიკებს აღენიშნებათ სისხლძარღვთა და კაპილართა მნიშვლენოვანი გაფართოვება ცხვირზე (განსაკუთრებით ცხვირის წვერი არის ჰიპერემიული ანუ გაწითლებული) და აქვს არაესთეტიური  შესახედაობა.
 

 მითი - ალკოჰოლმა არ შეიძლება ადამიანის გარეგნული მხარე, საკმარისია შეხედოთ ლამაზნანებს რომლებიც უკეთებენ რეკლამირებას სპირტიან სასმელებს.
 რეალობა-ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება იწვევს კანის გაუწყლოებას და თანდათანობით დაბერებას კანის, თმის და ფრჩხილების. ის მნიშვნელოვნად აფარათოებს კანის სისხლძარღვებს რაც იწვწვს სიწითლეს. ქრონიკულ ალკოჰოლიკებს ეცვლებათ ცხვირის ფორმა: მისი წვერი მსხვილდება და ხდება წითელი.

           ალკოჰოლის მოქმედება სასქესო სისტემაზე
 

ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება მავნე ზემოქმედებას ახდენს ორივე სქესის წარმომადგენლების რეპროდუქციულ სისტემაზე. Qქალებს შეიძლება დაერღვეთ მენსტრუაციული ციკლი და ოვულაციის პროცესი, მამაკაცებს შეიძლება დაერღვეთ მამაკაცის სასქესო ჰორმონის-ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესი. ამავე დროს ალკოჰოლის გავლენით მცირდება ღვიძლის უნარი დაარღვიოს ქალური ჰორმონი. (ყველა მამაკაცის თირკმელზედა ჯირკვალი აწარმოებს  ქალის ზოგიერთ სასქესო ჰორმონეს) საერთო ჯამში ეს წარმოადგენს განმსაზღვრელს ფემინიზაციისას: მამაკაცებს უდიდდებათ მკერდი, უნაზდებათ ან საერთოდ კარგავენ თმას სხეულიდან, უმცირდებათ სქესობრივი მიდრეკილება და უნარი ერექციისა. ბევრი მამაკაცი, რომელიც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს ხდება ნაწილობრივ ან მთლიანად უუნარო სექსუალური პოტენციისა, ანუ იმპოტენტი.
   ალკოჰოლმა მოიპოვა სექსუალური ამგზნების რეპუტაცია (როგორც სტიმულატორი სექსუალურობისა). ბევრი ადამიანი, რომლებიც იშვიათად ან ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლს , აღნიშნავენ რომ ალკოჰოლი ზრდის სექსუალურ ინტერესს. (გამოკითხვის მონაცემებით, რომელშიც მონაწილეობდა ათასი ადამიანი-გამოყენებული ლიტერატურა: ბაიერი, შეინბერგი "ზდოროვიი ობრაზ ჟიზნი”). ეს ეფექტი გამოწვეულია ალკოჰოლის უნარით - მოხსნას ადამიანის ქცევებში დამამუხრუჭებელი ბერკეტები და არა ის რომ ალკოჰოლი არის სექსუალური ლტოლვის სტიმულატორი. ქრონიკული ან პერიოდული ლოთობა დამღუპველად მოქმედებს ადამიანის სექსუალურ სფეროზე. მამაკაცები შეიძლება გახდნენ იმპოტენტები, ხოლო ქალებმა შეიძლება დაკარგონ უნარი ორგაზმის მიღწევისა.

მითი-ალკოჰოლი ზრდის სექსუალობას
რეალობა-ინტენსიური მოხმარება ალკოჰოლისა მამაკაცებში იწვევს მამაკაცური ჰორმონის დონის დაქვეითებას, რაც აქვეითებს სქესობრივ ლტოლვას და შეიძლება გახდეს მიზეზი იმპოტენციისა. ქალებში იზრდება სიხშირე გინეკოლოგიური პრობლემებისა და შეიძლება ადგილი ჰქონდეს უნაყოფობას და და მენსტრუალური ციკლის დარღვევას, აგრეთვე ფრიგიდულობას.

      ალკოჰოლის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

    ალკოჰოლი დამღუპველ გავლენას ახდენს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თანდათანობით   აზიანებს გულის კუნთს, ამის გამო  გული დიდდება და მისი უნარი გადატყორცნოს სისხლი სისხლძარღვებში მცირდება, ადამიანს ეწყება ქოშინი მცირე დატვირთვის დროსაც კი. ქრონიკული ალკოჰოლიკები ხშირად არიან შეწუხებული არითმიით,  . . . . . . . . .
    ალკოჰოლი აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, საერთო ჯამში  სისხლ;ძარღვებში იმატებს სისხლის მიწოდება რაც იწვევს სითბოს შეგრძნებას. უკვე ასწლეულია ამ  მიზეზით ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლს ცივ ამინდებში. სინამდვილეში ალკოჰოლის ასეთი მოხმარება ხშირად ხდება  რისკი სასიკვდილო ჰიპოთერმიისა (გადაცივება ორგანიზმის), ანუ ამ დროს ხდება სისხლით კანის ინტენსიური მომარაგება, (დიდი რაოდენობით სითბო გაიბნევა ჰაერში) ადამიანს კი აქვს სითბოს ან გაცხელების შეგრძნება.


       ალკოჰოლის მოქმედება იმუნურ და შარდმდენ სისტემაზე, სიმსივნური დაავადებების მოსალოდნელი განვითარება ალკოჰოლიზმის შემთხვევაში.
   დიდი ხანია ცნობილია, რომ ძლიერად მსმელი ადამიანები ადვილად ავადდებიან და ზოგიერთი დაავადებისათვის ალკოჰოლიზმი წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების განვითარებაში გარკვეულ რისკ-ფაქტორს. ადრე თვლიდნენ რომ მიზეზი ადვილად დაავადებისა მსმელი ადამიანის შემთხვევაში იყო ცუდი, არასრულფასოვენი კვება და სხვადასხვა მავნე ჩვევები. ახლანდელ დროში აღმოჩნდა რომ ალკოჰოლი პირდაპირ და დამანგრეველ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.
    ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მიზეზი ხდება სხვადასხვა ორგანოს სიმსივნის განვითარებისა, მათ შორის ღვიძლის, შარდის ბუშტის, კანის და ფარისებრი ჯირკვლის.
   ალკოჰოლის დიურეტიკული მოქმედება (სტიმულაცია შარდის წარმოების) -ეს არის მითი. სინამდვილეში ალკოჰოლი ზღუდავს ჰიპოფიზიდან ანტიდიურეტიკული ჰორმონის გამომუშავებას. ამ შეზღუდვას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ როცა სისხლში დიდი დოზით არის ალკოჰოლი, ხოლო შეზღუდვა იხსნება როცა სისხლში ალკოჰოლი არის ერთ მუდმივ ან დაბალ დონეზე. ქრონიკული ალკოჰოლიკების შემთხვევაში ალკოჰოლი თვითონ თამაშობს ანტიდიურეტიკულ როლს და ადგილი აქვს სახსრების შესივებასა და შეშუპებას.





   
  


    
კატეგორია: ალკოჰოლიზმი | დაამატა: interclub (2009-12-23)
ნანახია: 4658 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: